Covid 19

 

ქუთაისი ევროპის უძველესი ქალაქია

ქუთაისი - აია, კვიტაიონი, ქუთაია, ქუთათისი. ცნობილია,რომ ბერძენი ისტორიკოსები და ბერძნული მითოლოგია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ აკუთვნებს ანუ დაახლოებით ჩ.წ.აღ- დე XIV საუკუნეს. არქეოლოგიური გათხრები და მათ შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები უშუალოდ ქუთაისში და მის მიმდებარედ, ასევე ადასტურებს ანტიკურ ეპოქაში მაღალგანვითარებული კულტურის არსებობას აღნიშნულ ტერიტოარიაზე. ბერძნული ტრაგედიისა და დრამატურგიის ფუძემდებელმა ევრიპიდემ სწორედ ქუთაისს - აიას (როგორც იმ დროს უწოდებდნენ ქალაქს) დაუკავშირა ცნობილ მითი და ტრაგედია არგონავტების შესახებ. სწორედ აიაში გადმოცემისა და ტრადიციის თანახმად გამოემართნენ ბერძნული ეპოსის გმირები - არგონავტები ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. აიაში ცხოვრობდა ლეგენდარული მეფე აიეტი, მისი ქალიშვილი მედეა. ბერძენ მოგზაურებს კოლხეთში დახვდათ განვითარებული სამეფო, ქალაქი. ჩამოყალიბებული ინსტიტუციები - სამეფო კარი, ჯარი, ფლოტი. ამ ამბების დაჯერება გაცილებით იოლია თუ ეწვევით ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, ქუთაისის მახლობლად. 

 

ქუთაისი საქართველოს პირველი დედაქალაქია

მე-10 საუკუნე მნიშვნელოვანი ათწლეულია საქართველოს ისტორიაში. სწორედ, მე-10 საუკუნეში მეფე ბაგრატ მესამემ გააერთიანა პატარა ფეოდალური სამეფოები და გახდა საქართველოს გაერთიანებული სამეფოს პირველი მეფე. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიასა და სახელმწიფო «საქართველოს». ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში დაწინაურდა ქართული კულტურა. აიგო მრავალი არქიტექტურული შედევრი. გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდა ქუთაისი. გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა ბაგრატის ტაძარი, რომელიც ქუთაისში უქიმერიონის გორაზეა აღმართული და შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

 

ქუთაისი დიდი მეფეების ქალაქია

საქართველოს გაერთიანების შემდეგ ქუთაისი ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. ქუთაისში დაიბადა საქართველოს ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მეფე დავით აღმაშენებელი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ოქროს ხანა. საქართველოს აღმავლობის პერიოდი,რომელიც XI საუკუნეში დაიწყო და XIII-მდე გასტანა. ქუთაისთან ახლოს მდებარეობს დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული გელათის მონასტერი, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. გელათში დასაფლავებულია საქართველოს 24 მეფე მათ შორის დავით აღმაშენებელი. გელათის კედლებზე შემორჩენილია უძველესი ფრესკები და XII საუკუნის მოზაიკა.

 

ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია

ქუთაისი საქართველოს თითქმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და არ ესაზღვრება ქვეყნის არც ერთ მეზობელ ქვეყანას. გეოგრაფიულმა მდებარეობამ დაიცვა ქალაქი უცხო ქვეყნების ზეგავლენებისაგან, განსხვავებით საზღვრისპირა ქალაქებისაგან, მათ შორის დედაქალაქისაგან. ძალიან ბევრი ქართული ისტორიული, კულტურული საწყისი ქუთაისიდან იღებს სათავეს. ქართული კლასიკური და ქალაქური მუსიკა, თეატრი, პოეზია და ლიტერატურა, მეცნიერება, სახელმწიფოებრიობა. ხელშეუხებელი ავთენტური მე-19 სუკუნის არქიტექტურა. ყველაფერი ეს ჯამში ქმნის ავთენტურ ქართულ ქალაქსა და გარემოს.

 

შესაძლებელია თუ არა,  ჩახვიდე ერთ ქალაქში და თავს გადაგხდეს რამდენიმედღიანი   დაუვიწყარი  მოგზაურობა დროში?

მაგალითისთვის, თქვენი ოდისეა დაიწყოს... დინოზავრების  ნამდვილი ნაკვალევით, პირველყოფილი ადამიანების  საცხოვრისი  მღვიმეებით, იურული პერიოდის ნაკრძალებით, კანიონებითა და ჩანჩქერებით...  

შემდეგ, აღმოჩნდეთ ანტიკური ხანის ნაქალაქარში, ხელით  შეეხოთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნით დათარიღებულ ნივთებს, ჭურჭელს, სამკაულებს... „მედეას ოქროდ“ ცნობილ სამკაულებს, სწორედ იმ მედეასი, ოქროს საწმისისისა და არგონავტების ცნობილი მითიდან რომ იცნობთ...

წარსული სილუეტებისა და ჩრდილების ძიებისას  მოხვდეთ ადრეული ქრისტიანობის  მართლმადიდებლურ ტაძრებში, სადღაც... ბაგრატზე, გელათში ან  მოწამეთაში  ძველ  კედლებზე, ფერმკრთალ ფრესკებში ამოიკითხოთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მოქცეული პატარა ქვეყნის ისტორია.

...და შემდეგ, თუ თავს  დააღწევთ  ამ სანახაობებით თავსმოხვეულ შთაბეჭდილებებს, შეგიძლიათ გზა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნის ქართულ რეალობაში გააგრძელოთ  - ისეთივე მღელვარეში, ისეთივე რევოლუციურში, ისეთივე რომანტიულში, როგორიც იმდროინდელი  სამყარო...

ეს ყველაფერი შესაძლებელია!  დღეს ეს წარსული, სიძველე და  სიმძაფრე ქუთაისის   ძველ ქუჩებში, კათოლიკური თუ ებრაული უბნების  კოლორიტული სახლების ძველებურ  აივნებზე, აბრებზე და ეპიტაფიებზეა მიყუჩებული...

მაგრამ, იქნებ და თქვენი სურვილია პირიქით, დაკარგოთ დროის შეგრძნება, გაექცეთ ყოველდღიურობას და საზრუნავს? მაშინ, თქვენი ადგილი აუცილებლად იმერულ სუფრაზეა, სადაც საუცხოო კერძების, მსუბუქი იმერული ღვინისა და ტკბილი იმერული სიმღერის  თანხლებით,   უცებ აღმოჩნდებით განთქმული  ქართული სუფრის ჯადოსნურ განზომილებაში.  

იცით,  რომ,  ქუთაისური კაფეები კაფეებზე მეტად უფრო მყუდრო სახლებია? ძველი ბუფეტებითა და აბაჟურებით? ის სახლები, რომლებშიც დაბრუნება, დროდადრო, ყველას გვენატრება...

იცით, რომ, ქუთაისის ირგვლივ, მწვანე გორაკებზე შეფენილ პატრა სოფლებში, უამრავი ღვინის მარანია? სადაც სტუმართმოყვარე მასპინძლი აუცილებლად აგიხსნით განსხვვებას ცოლიკოურსა და ციცქას, ასევე ოცხანურ საფერესა და კრახუნას შორის.

მოკლედ, მიზეზი ბევრია, იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩაალაგოთ ბარგი, აიღოთ  ბილეთი და აღმოაჩინოთ თქვენი, არავის მსგავსი ქუთაისი.